ბათუმის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრებმა ადლიაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს. ოჯახი 8 წლის გურანდა ჯაყელისთვის ჯანმრთელობის პოლისის აღდგენას ითხოვს, რომელიც სოციალურმა სააგენტომ ერთი წლის წინ გაუუქმა.
გოგონას მკურნალობისთვის კვირაში დაახლოებით 500 ლარამდე სჭირდება. რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ჯაყელების ერთადერთი შემოსავალი ბავშვის ინვალიდობის პენსია 70 ლარია, რასაც დედისთვის გამოყოფილი მეურვეობის 22 ლარი ემატება.
ჯაყელების ოჯახმა ჯანმრთელობის პოლისის აღდგენაზე უარი სააგენტოდან 2011 წლის 25 აპრილს მიიღო.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო არ ზრუნავს იმ ადამიანებზე, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს. ამ ბავშვის მაგალითიდან ჩანს მთავრობის სახე. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ ასეთ ადამიანებს და ნუ დაუკარგავენ იმ მიზერულ შემწეობას, რაც მათ რეალურად ეკუთვნით", - განაცხადა ფრაქცია "ბათუმის" თავმჯდომარემ ნაზი ქობულაძემ.