"შეკრებისა და მანიფესტაციების" კანონში სერიოზული ხარვეზები რჩება. როგორც სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში რამდენიმე მუხლი გააუქმა, კანონი უფრო დაიხვეწა, თუმცა ამ კუთხით პრობლემები რჩება.
"ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ კანონი არის შეუსაბამო საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროსასამართლოს პრაქტიკასთან. ამიტომ ვაპირებ, ამ საკითხზე ინდივიდუალურად ვიმუშაო პარლამენტთან", - აღნიშნა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის წარმომადგენელთა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც ზოგიერთი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებებისა და მანიფესტაციის ჩატარებას კრძალავდა.
სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მოქალაქეს არ ეძლეოდა უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის ინიციატორი ყოფილიყო, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირს - აქციისთვის ორგანიზება გაეწია და პასუხისმგებელი პირი ყოფილიყო.