28 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო სამოქალაქო განათლების როლი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ამ სფეროში.
შეხვედრაზე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივამ" (nGnI) სამოქალაქო განათლების საკითხზე რამდენიმე ქვეყანაში განხორციელებულ საინტერესო პროექტები წარმოადგინეს. პრეზენტაციის შემდეგ, საბჭოს წევრებმა იმსჯელეს, როგორი ტიპის სამოქალაქო პროექტები უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით და როგორ შეიძლება უცხოური გამოცდილების ადაპტაცია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 2011 წლის სამოქმედო გეგმაში, გაითვალისწინებს საბჭოს რეკომენდაციებს.
შეხვედრას დაესწრნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები - საარჩევნო საკითხებში ჩართული პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.