სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, დევნილები ფოცხოეწერში განსაკუთრებით კრიტიკული ვითარებაში ცხოვრობენ. როგორც ტუღუშმა პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე აღნიშნა, 2010 წელს დევნილების გამოსახლება-განსახლების პროცესი ხშირ შემთხვევაში მათი უფლებების დარღვევით მიმდინარეობდა.
"დევნილების გამოსახლება ხშირად გაფრთხილების გარეშე ხდებოდა, ასევე არ იყო ადეკვატური ალტერნატივები შეთავაზებული, არ ჰქონდათ კოტეჯის ნაცვლად კომპენსაცია მიღებული", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ტუღუშის თქმით, მისასალებელია, როდესაც დევნილები უკანონო მდგომარეობიდან კანონიერში გადაჰყავთ და მათ უკნონონებენ, მაგრამ იქ უნდა იყოს ცხოვრებისთვის შესაბამის პირობები შექმნილი.
"მეტ-ნაკლებად მოხდა მარნეულის, ბაკურციხის და თბილისის მიმდებარე ტერიტორების ათვისება, მაგრამ სამეგრელოს რაიონის სოფლებში ჩასახლებაზე მხოლოდ დევნილების მცირე ნაწილმა თქვა თანხმობა. ჩვენი წარმომადგენლები მიმდინარე წლის თებერვალში იყვნენ ჩასულები და განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა ფოცხოეწერშია", - აღნიშნა ტუღუშმა.
მისი თქმით, ისედაც გაჭირვებულ დევნილების ადმინისტრაციულ ცენტრამდე 50 კილომეტრის გავლა უხდებათ, ასევე ელემენტარული საშუალება არ აქვთ, მედიკამენტები შეიძინონ ან სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ.
ტუღუშის თქმით, არ განხორციელებულა დასაქმების პროგრამების, რის გამოც რეგიონებში მცხოვრები დევნილები მძიმე მდგომარეობაში არიან.