სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ზრუნვის სააგენტოს დირექტორს ბავშვთა სახლებში მონიტორინგის ჩატარების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე 2010 წლის ანგარიშის განხილვის დროს აღნიშნა.
"იყო სერიოზული მცდელობა, ჩაშლილიყო სახალხო დამცველის მონიტორინგი, ამისთვის ყველაფერი გააკეთა ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მახარაშვილმა. იგი მაქსიმალურად შეეცადა, ხელი შეეშალა მონიტორებისთვის, რომ ბავშვთა სახლებში რეალური ვითარება სააშკარაოზე არ გამოსულიყო", - აღნიშნა მან.
ტუღუშის თქმით, ბავშვთა სახლებში მონიტორინგის გაგრძელება შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც იგი ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძეს.
"ბავშვთა სახლების მონიტორინგი ცხადყოფს იქ არსებულ მძიმე ვითარებას. დაფიქსირდა პრობლემები რეფორმის მიმდინარეობაზედაც. ვნახეთ ბავშვთა სახლებიდან გაყვანილი ბენეფიციარები, რომლებიც აღმოჩნდნენ უარეს მდგომაროებაში", - აღნიშნა ტუღუშმა და კონკრეტული მაგალითები მოიყვანა, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღწერილი.
მისი თქმით, მიმდინარე წელს სახალხო დამცველი ბავშვების რეინტეგრაციის საკითხის შესწავლით დაკავდება, რათა ბავშვთა სახლების აღსაზრდელები უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩდნენ.