ეგვიპტის ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მეუღლე სიუზანმა, პაპარაცების შიშით, შარმ-ალ-შეიხის ჰოსპიტალში ვიზიტორთა შეშვება აკრძალა. სწორედ ამ საავადმყოფოში მკურნალობს ჰოსნი მუბარაქი. აკრძალვა, ასევე, მუბარაქის ყველა ახლობელზე ვრცელდება, მისი საყვარელი შვილიშვილის ომრას გარდა. ეგვიპტის ექს-ლიდერის პირადი თხოვნის საფუძველზე მისთვის გამონაკლისი დაუშვეს.
ჟურნალისტების აზრით, მუბარაქის მეუღლე შიშობს, რომ პაპარაცები საწოლში მწოლარე ექს-პრეზიდენტს სურათს გადაუღებენ, შემდეგ კი ამ ფოტოებს მედიასაშუალებებით გაავრცელებენ. ეს კი მუბარაქის არასტაბილურ ჯანმრთელობაზე დიდი დარტყმა იქნება.
12 აპრილიდან მოყოლებული, მუბარაქი შარმ-ალ-შეიხის საერთაშორისო ჰოსპიტალში გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება, სადაც იგი გენერალურ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ გულზე შექმნილი პრობლემის გამო გადაიყვანეს. მეორე დღეს პროკურატურამ ექს-პრეზიდენტისა და მისი ვაჟების 15 დღე-ღამის განმავლობაში დაკავების ბრძანება გასცა, კორუფციაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის გამო. მოგვიანებით მისი დაკავების ვადა კიდევ 15 დღით გაახანგრძლივეს.
დღემდე გენერალურმა პროკურორმა ქაიროში მდებარე ციხის ჰოსპიტალში მუბარაქის გადაყვანას ვერ მიაღწია. ექს-პრეზიდენტის ტრანსპორტირებას დაუშვებლად მიიჩნევენ არა მხოლოდ მედიკოსები, ასევე, ქვეყნის შს სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მისი ტრანსპორტირების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ.
მუბარაქის ვაჟები_ალი და გამალი ქაიროსთან მდებარე "თორის" ციხეში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, მუბარაქმა თანამდებობა ეგვიპტეში 18 დღიანი სახალხო მღელვარების შემდეგ 11 თებერვალს დატოვა. არეულობას ეგვიპტეში 800 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ათასი კი დაიჭრა.