ირანის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის იმპიჩმენტისთვის მზადება დაიწყო. როგორც The Guardian-ი იტყობინება, აჰმადინეჯადის შეცვლის მიზეზი ირანის სულიერ ლიდერ ალი ჰანეისთან მისი უთანხმოებაა.
გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთობის გაფუჭების უკანასკნელი დამადასტურებელი საბუთი დაზვერვის საქმეებში მინისტრ ჰეიდარ მოსლეხის გადაყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განუხორციელებელი მცდელობა იყო.
17 აპრილს დაზვერვის მინისტრმა აჰმადინეჯადის დაძალებით, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა ალი ჰამენეის გადაწყვეტილებით, იგი თანამდებობაზე აღადგინეს.
ირანის პრეზიდენტსა და ირანის სულიერ ლიდერს შორის უთანხმოება აქამდეც დაფიქსირდა. ჯერ კიდევ 2009 წლის ივლისში ალი ჰამენეიმ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესფანდიარ რახიმ მაშეი დაითხოვა. თავად პრეზიდენტი საკუთარი მოადგილის გაგდებაში მონაწილეობას არ იღებდა, მოგვიანებით კი იგი ადმინისტრაციის მეთაურად დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ რახიმ მაშეის ქალიშვილი და აჰმადინეჯადის ვაჟი დაქორწინებულნი არიან.
სულიერ ლიდერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ მანუშერ მოტაკის თანამდებობიდან გადადგომას ასახელებენ, რისი გადაწყვეტილებაც აჰმადინეჯადმა სულიერი ლიდერის გარეშე მიიღო. ჰამენეიმ ღიად დაუჭირა მხარი მინისტრს და მისი თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის პრეზიდენტი ოფიციალურად სახელმწიფოს მეთურად ითვლება, ირანის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი დე-ფაქტო ფართო ძალაუფლებას ფლობს.