"მიმდინარე წელს ხელისუფლებამ ქართული სოფლისთვის ძალზე სახიფათო პროცესი წამოიწყო: „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად გაუქმდა ხელშეკრულებები სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის ნებისმიერი ვადით მიწის იჯარით გაცემის შესახებ და მათ მიეცათ ვადა 2011 წლის 1 მაისამდე სურვილის შემთხვევაში მოახდინონ ამ მიწების პრივატიზაცია. თუ მოიჯარეები ამ ვადაში პრივატიზებას ვერ მოასწრებენ, იგივე კანონის თანახმად, მოიჯარესა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება გაუქმდება და მიწა გაიყიდება,"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, ამ პროცესს წინ უძღოდა ხელისუფლების მიერ მოიჯარეებისთვის ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, მათ შორის სხვადასხვა ტექნიკური პრობლემების მომიზეზებით ხელოვნურად შეჩერებული მიწის პრივატიზაციის პროცესი; მიწის და პრივატიზების საფასურის ორჯერ და მეტად გაზრდა და პროცესში სრული განუკითხაობა.
"ქართველი ფერმერებისა და გლეხების ინტერესების ფეხქვეშ გათელვა გრძელდება ამჟამადაც: პრივატიზების ფასი ერთნაირია ყველა სახის მიწაზე - სარწყავზე, ურწყავზე, კარგზე, უვარგისზე და ა.შ. მაშინ, როცა მიწის გადასახადის გადახდისას ამ მიწებს სხვადასხვა ფასი აქვთ; სრული უკონტროლობაა მიწების აღრიცხვის და რეგისტრაციის პროცესში: ფერმერებს და გლეხებს უწევთ უზარმაზარი საფასურის გადახდა და აქაც არანაირი დიფერენციაცია არ არსებობს დასაკანონებელი მიწის ზომებს შორის; მიუხედავად იმისა, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის მიწა შემოსავლის ერთადერთი წყაროა ამ ბარიერების გამო გლეხები და ფერმერები იძულებულნი არიან უარი თქვან მიწაზე. ხელისუფლების დაპირებები სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობის პრიორიტეტად გამოცხადების შესახებ ჯერჯერობით რიტორიკას არ გასცდენია და დღემდე უცნობია გააჩნია თუ არა ქვეყანას რაიმე სტრატეგია ამ სფეროში... თუ ფორსირებული პრივატიზაციის გამო გლეხი და ფერმერი სოფლად მიწის გარეშეც დარჩება, ეს სხვა არაფერი იქნება თუ არა ქართველი გლეხის, მეურნის ღალატი, მის მიმართ ჩადენილი უსამართლობა", - განმარტა ნაჭტებიამ.
აღნიშნულ კონტექსტში, „ახალი მემარჯვენეები" მოითხოვენ ხელისუფლებისგან ერთი წლის ვადით გაგრძელდეს მიწის პრივატიზაციის დასრულების ვადა, ამასთან, ამ ხნის განმავლობაში მიღებულ იქნას რეალური და არა მოჩვენებითი ზომები ფერმერული მეურნეობების განვითარების, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისათვის საქართველოში.