ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინისა, მონტენეგროსა და ერაყის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეეძლებათ. ცვლილებები "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში შედის, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია- ჰერცოგოვინისა და მონტენეგროს ერაყის რესპუბლიკის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც მთავრობის აზრით, მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების თავისუფალ შემოსვლას - ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ჩამოყალიბების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშემწყობ ფაქტორს.
საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.
"ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ალბანეთის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და სერბეთის რესპუბლიკა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სიაში არიან, ალბანეთის რესპუბლიკაNATO-ს წევრი ქვეყანაა, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს და სერბეთის რესპუბლიკას მიღებული აქვთ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). ალბანეთის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცოგოვინის და მონტენეგროს ქვეყნების მოქალაქეებისათვისსაქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების მინიჭება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრირების პროცესის დაჩქარებას", - ნათქვამია კანონპროექტში.