რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის მტკიცებით, ევროპული სახელმწიფოების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება არარეალურია.
"ასეთი მატყუარა და არარეალური ხედვები, შესაძლოა, მუსირებდეს, მაგრამ მისი რეალური საფუძველი არ არსებობს", - განუცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ნაურუს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებამ რუსეთის გადაწყვეტილებას ლეგიტიმაცია კი არ შემატა, პირიქით, ეს მისთვის დაცინვის საბაბი გახდა.
"ნაურუს პრეცენდენტი რუსეთისთვის დაცინვის საბაბი გახდა, რადგან მან ფულით იყიდა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება ერთი პატარა კუნძულისგან. ნაურუს ამ გადაწყვეტილების მიღება არ უნდა შეფასდეს ისე, თითქოს ქართულ მხარეს რამე გამოეპარა. ჩვენ არაფერი გამოგვპარვია. ეს პრეცენდენტი რუსეთს არაფერს აძლევს", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ სოხუმი უახლოს მომავალში "ქვეყნის დამოუკიდებლობის" კიდევ 10 სახელმწიფოს მიერ აღიარებას ელოდება, რომელთა შორის ევროპის ქვეყნები და თავად შეერთებული შტატები იქნებიან.