აშშ-ის ძალოვან სტრუქტურებში მნიშვნელოვანი გადაადგილებებია. გეითსი სახლში მიდის. ამერიკის თავდაცვის უწყებას ახალი შეფი ეყოლება. ხუთწლიანი მმართველობის შემდეგ პენტაგონის მოქმედმა ხელმძღვანელმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკის თავდაცვის მდივნის პოსტს ლეონ პანეტა დაიკავებს. ის დღემდე ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შეფი იყო. გეითსი აშშ-ის თავდაცვის უწყებას 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა. 73 წლის პანეტა დემოკრატიული ფრთის ინსაიდერია და ბევრად მეტი აქვს პრეზიდენტთან, ვიდრე ეს რობერტ გეითსის შემთხვევაში იყო.
გეითსი პენტაგონს ჯერ კიდევ ჯორჯ ბუში უმცროსის დროიდან ხელმძღვანელობდა. ამას მისთვის ხელი არ შუშლია, რომ ამ დრომდე წარმატებით გაეგრძელებინა მოღვაწეობა დემოკრატიულ ადმინისტრაციასთან.
ოფიციალურად გაცხადებული ინფორმაციით, პანეტას ადგილზე აშშ-ის არმიის გენერალი და ავღანური კამპანიის ხელმძღვანელი დევიდ პეტრეუსი დაინიშნება. 58 წლის გენერალი პოპულარული მაშინ გახდა, როცა 2003 წელს ერაყული კამპანიის შემდეგ ოფიციალური ბაღდადი სამოქალაქო ომს გადარჩინა. დამსახურებების გათვალისწინებით, იგი ავღანეთში აშშ-მისიის ხელმძღვანელად დანიშნეს.
ექსპერტთა აზრით, ავღანეთიდან პეტრეუსის წასვლამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას პაკისტანთან ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივას. ავანეთში სამხედო ოპერაციების ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილს კი საზღვაო ქვეითი კორპუსის გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ალენი დაიკავებს. შეიცვლება აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩიც ქაბულში.
პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა სენატის მხარდაჭერაც უნდა მოიპოვინ, რასაც შესაძლოა, რამდენიმე კვირა ან 2 თვე დასჭირდეს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თავად რობერტ გეითსი ისედაც აპირებდა პოსტის დატოვებას. ეს გადაწყვეტილება გეითსმა პენტაგონის ბიუჯეტის შემცირების შემდეგ მიიღო.