რუსეთმა თბილისის აეროპორტში რუსეთის მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე საქართველოში საპროტესტო ნოტა გამოაგზავნა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი საზონოვმა გააკეთა.
"არ ვაპირებთ ასეთი ეპიზოდები ყურადღების გარეშე დავტოვოთ. ქართულ მხარეს, შვეიცარიის მეშვეობით მნიშვნელოვანი პროტესტი გამოეთქვა", _ აცხადებს საზონოვი.
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ" 19 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოძრაობის ლიდერ ნინო ბურჯანაძის ნათესავი მარინა ბიწაძე აეროპორტში დააკავეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხაცხყოფა მიაყენეს.
"ხელისუფლების ძალისმიერი, საზოგადოების დაშინებაზე ორიენტირებული პოლიტიკა შედეგს ვეღარ გამოიღებს. ვაფრთხილებთ სააკაშვილის ხელისუფლების უკანონო დაკვეთების შემსრულებლებს, საქართველოში სამართალი მოდის. თითოეული თქვენგანი კანონის ფარგლებში პასუხს აგებს ყველა უკანონობასა და დანაშაულზე. თქვენ, რომლებმაც არა მარტო გადააჭარბეთ თქვენს უფლებამოსილებას და დაარღვიეთ კანონი, არამედ ლაჩრულად, უღირსად მოექეცით ქალს, ფიზიკურად გაუსწორდით და მიზანმიმართულად იმოქმედეთ ისე, რომ მისთვის მორალური დარტყმა მიგეყენებინათ. უნდა იცოდეთ, რომ ხელისუფალნი მუდმივად ვერ ინარჩუნებენ ძალაუფლებას. დღევანდელი დამნაშავე ხელისუფლების დღეები დათვლილია და თქვენც მათთან ერთად პირისპირ აღმოჩნდებით ხალხის, კანონისა და სამართლის წინაშე", - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, მსგავსი მეთოდებით "დემოკრატიულ მოძრაობას" ხელისუფლება ვერ შეაშინებს.