კოპენჰაგენში მყოფი რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი პოლკოვნიკ მუამარ კადაფის დაცვას შეუდგა. მისი თქმით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას უფლება არ აქვს, ლიბიის ლიდერის მკვლელობის სანქცია გასცეს.
"აქამდე აცხადებდნენ, კადაფის მოკლვა არ გვსურსო. ახლა კი ზოგიერთი ოფიციალური პირი აღნიშნავს: "დიახ, კადაფის მოკვლას ვცდილობთ!" ვინ გასცა ამის უფლება? ნუთუ სასამართლო გაიმართა? ვინ აიღო საკუთარ თავზე უფლება_სიკვდილით დასაჯონ ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს იგი",_აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა იმ შეკითხვის საპასუხოდ, თუ რატომ უწოდა ლიბიის ოპერაციას "ჯვაროსნული ლაშქრობა".
"როგორღა გამოდის საჰაერო სივრცის დახურვა, თუკი ყოველ ღამით სასახლეს ბომბავენ?"_განმარტა პუტინმა.
მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნებმა საერთაშორისო უფლებების ჩარჩოებში საკუთარი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედონ და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ზრუნვა გამოხატონ.
ახლა კი, პუტინის განმარტებით, ცივილიზებული საზოგადოება მთელი თავისი ძალით პატარა ქვეყანას ესხმის თავს და მის ინფრასტრუქტურას ანადგურებს.
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ლიბიელ თავდამსხმელთა ძირითადი ინტერესი ამავე ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე შეიძლება იყოს. პუტინის თქმით, მისი მონაცემებით, ლიბია აფრიკაში ნავთობის მარაგით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო გაზის მარაგით_მეოთხე ადგილზეა.
პუტინის გამოსვლას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ლაიამ ფოქსის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ კადაფი ლიბიის კონფლიქტის მოგვარების გზაზე ძირითადი დაბრკოლებაა.
ფოქსის თქმით, ადამიანები, რომლებიც მშვიდობიან ლიბიელებს თავს ესხმიან, ნატოს მიერ განხორციელებული დაბომბვისას "კანონიერ სამიზნედ" განიხილებიან.
შეგახსენებთ, უფრო ადრე რუსეთის პრემიერმა ლიბიაში განხორციელებულ ნატოს ოპერაციას შუასაუკუნეობრივი ჯვაროსნული ლაშქრობა უწოდა, როცა "გარკვეული ადამიანები სხვა ადამიანებს განსაზღვრულ ადგილზე საბრძოლველად წასვლისა და კონკრეტული ადგილის გათავისუფლების მიზნით მოუწოდებდნენ".
პუტინის განცხადების შემდეგ კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც გააკეთა. მან დაუშვებლად მიიჩნია "ჯვაროსნული ლაშქრობის" შესახებ გაკეთებული კომენტარი. ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ ოპერაციის დროს ნატომ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა.