ინტერნეტგაზეთ "ქიზიყის" კორესპონდენტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებს შევიწროვებაში ადანაშაულებენ. კორესპონდენტების თქმით, რაიონში მუშაობა შეუძლებელი გახდა, რადგან სხვადასხვა ტიპის ზეწოლების გარდა, ჩინოვნიკები ჟურნალისტებზე პირდაპირ საცემად იწევენ.
გაზეთის რედაქციის ცნობით, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო რამდენიმე კორესპონდენტმა გაზეთი დატოვა. `საჯარო ინფორმაციას რომ არ გვაძლევენ, ამაზე აღარაფერს ვიტყვით. ჟურნალისტებს კუდ-ის თანამშრომლები გვითვალთვალებენ, სადაც კორესპონდენტები წავალთ, თან დაგვყვებიან და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევენ. ქალაქის მერი ლევან ნატროშვილი ერთ-ერთ ჩვენს ჟურნალისტს პირდაპირ დაემუქრა, რომ სცემდა, თუ მასზე კრიტიკული ინფორმაციების გავრცელებას თავს არ დაანებებდა. ჟურნალისტის ოჯახის წევრებს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება. კომენტარებს საერთოდ არ გვაძლევენ. საჯაროდ დაგვცინიან და შეურაცხყოფებებს გვაყენებენ~, - აცხადებენ `ქიზიყის~ კორესპონდენტები.
ჟურნალისტების ბრალდებებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ანა ბენაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა იგი ადასტურებს, რომ `ქიზიყის~ კორესპონდენტების მუშაობის სტილი გამგეობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ბენაშვილის თქმით, სწორედ ამ ფაქტორის გამო არ აძლევენ ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციას და კომენტარებს.
`ის ფორმა, რა ფორმითაც ეგენი წერენ, გამგეობის არცერთ თანამშრომელს არ მოსწონს. ისეთ რაღაცეებს წერენ, გული გაგისკდება. როცა მასალას აკეთებენ, თავისებურ ინტერპრეტაციებს აძლევენ. წერენ, რომ გამგეობაში გაუნათლებელი ხალხი მუშაობს. თუ ახალგაზრდას საქმესთან არ მიიყვან, ის ვერასოდეს გამოცხვება. მაგათ არავინ დევნის. უბრალოდ, არ იქცევიან კარგად. ჩვენ, ყველა ნორმალურ ადამიანთან შეგვიძლია თანამშრომლობა~, - განაცხადა ანა ბენაშვილმა.
`ადამიანის უფლებათა ცენტრის~ კახეთის კოორდინატორის გელა მთივლიშვილის შეფასებით, შესაძლოა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კონკრეტული ჟურნალისტის წერის სტილი მართლაც მიუღებელია, თუმცა საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება, ჟურნალისტს, როგორც არ უნდა წერდეს ის, საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრან და მის მიმართ ზეწოლები განახორციელონ. `დედოფლისწყარო არ არის გურჯაანი, სადაც რამდენიმე საინფორმაციო საშუალება მუშაობს. დედოფლისწყაროს ხელისუფლება კრიტიკულ პუბლიკაციებს მიუჩვეველია და ბევრს არაერთხელ უთქვამს, რომ რაც რაიონში ხდება, ის რაიონს გარეთ არ უნდა გავიდეს. ეს არის პროვინციალიზმი. საჯარო მოხელეებს კანონი თმენის ვალდებულებას აკისრებთ და მათი მხრიდან ნებისმიერი ქმედება ჟურნალისტის მუშაობაში ჩაერიონ, დაუშვებელია~, - აღნიშნავს მთივლიშვილი.