20 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის მხარდამჭერ პროგრამებს შეაჯამებს. აღნიშნული პროგრამების ერთიანი სახელწოდებაა "სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობა". მათ დასაფინანსებლად აშშ-ის მთავრობამ 90 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის პროგრამებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ახორციელებენ. აშშ-ის მთავრობის ინვესტიცია ხაზს უსვამს ამერიკის სურვილს, დემოკრატიის გასაძლიერებლად საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშაოს და დააფინანსოს პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, სამართლიან მმართველობას, პოლიტიკურ პაექრობას, სკოლებში სამოქალაქო განათლების დანერგვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას.
აშშ საქართველოში დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის მხარდასაჭერად 2007 წლიდან 2015 წლამდე 200 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს იმის საილუსტრაციოდ, რომ აშშ და საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებენ დემოკრატიის განმტკიცებისა და რეფორმების განხორციელების გზაზე.
დღევანდელი ღონისძიება თავს მოუყრის აშშ-ის საელჩოს დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის პროგრამის თანამშრომლებს. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები. სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის პროგრამების შეჯამება წინ უსწრებს 27 აპრილისათვის დაგეგმილ დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში გაიმართება.