საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრის გიორგი ბარამიძის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. გიორგი ბარამიძე მოხსენებით გამოვიდა ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიეთობებისა და მათი განვითარების პერსპექტივების განხილვას მიეძღვნა. ღონისძიების ფართო აუდიტორიას ევროპარლამენტარები, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი პირები და ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების წარმომადგენლები შეადგენდნენ.
კონფერენციის წინ გამართულ პრესკონფერენციაში გიორგი ბარამიძემ ევროპარლამენტში საქართველოსადმი მიძღვნილი ამ ღონისძიების მნიშვნელობასა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში ევროკავშირის უფრო აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი ბარამიძემ ისაუბრა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოვების აუცილებლობაზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოქალაქეების გადადგილების გამარტივებისა და უვიზო მიმოსვლის აუცილებლობაზე.
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და მასში ევროკავშირის როლის გაძლიერების, ასვევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის აღიარების აუცილებლობაზე, იმ მძიმე მგდომარეობაზე რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველები არიან. აღინიშნა ის საფრთხეები რასაც რუსეთი რეგიონისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას უქმნის.
მოხსენებაში ასევე ხაზი გაესვა ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ დემოკრატიულ პროცესებსა და ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს.
კონფერენციების მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და გაიზიარეს პოზიცია, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ამ ტერიტორიებზე ეთნიკურ წმენდას აქვს ადგილი. კონფერენცია შეაჯამა ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო ურთიერთობების ჯგუფის თავმჯდომარემ იოანის კასულიდისმა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა რომელიც თავისი მიღწევებიდან და რეფორმებიდან გამომდინარე აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ამასთან საკითხი დგას მხოლოდ რამდენ ხანში მოხდება ეს და არა მოხდება თუ არა.
საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდმარესთან ჯოსეფ დაულთან და ევროპარლამენტში ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის თავმჯდომარესთან იან საჰრადილთან, რომლებმაც ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის ტერიტორულ მთლიანობას, ასევე გამოთქვეს მზადყოფნა ევროპარლამენტში უფრო აქტიურად გაუწიონ ლობირება საქართველოსათვის მნიშვნელოვან საკითხებს.