პარლამენტი ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის დაცვას უკავშირდება, ერთ თვეში მოახდენს. ამის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ, ირაკლი ღვალაძემ აგრარული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ღვალაძემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა ღონისძიებები ტარდება ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების საერთაშორისო ბაზარზე დაცვის მიზნით.
"აქამდე არ გვქონდა სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასაცავად რეაგირება მოგვეხდინა, მას შემდეგ, რაც ამ შეთანხმების პარაფირება მოხდა, ბრძოლა უფრო გაგვიადვილდება", - განაცხადა ღვალაძემ.
მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე სპეციალურ ნუსხაში უკვე მოხვედრილია 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო.
"სია ამომწურავი არაა, "საქპატენტი" და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობენ მის სრულყოფაზე, რომელიც სავარაუდოდ 80-მდე გაიზრდება. "საქპატენტი" ასევე ამუშავებს მასალებს იმისათვის, რომ ქართული ღვინოები დაცული იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზედაც, სადაც ევროპისაგან განსხვავებული მექანიზმები მოქმედებს", - აღნიშნა ღვალაძემ.