ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დღეს მან ორხმრივი შეხვედრები გამართა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან და განათლების, კულტურის, მრავალენოვან და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ ანდრულა ვასილიუსთან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, შტეფან ფულესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვითარებულ მრავალმხრივ და ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე, სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას.
გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და მასში ევროკავშირის როლის გაძლიერების აუცილებლობას, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის აღიარების პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას და რუსეთისადმი მოთხოვნების გაძლიერების საჭიროებას, რათა რუსეთმა სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ე.წ. „6 პუნქტიანი" შეთანხმება.
განათლების, კულტურის, მრავალენოვან და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ ანდრულა ვასილიუსთან საუბრის დროს გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, აგრეთვე, სტუდენტებისა და მეცნიერების, კულტურის სფეროს მოღვაწეთა გაცვლითი პროგრამების განვითარების საჭიროებას. აღინიშნა ქართული კულტურის თვითმყოფადობა, მისი დიდი ტრადიციები და ევროკავშირში უფრო აქტიურად წარმოჩენის აუცილებლობა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს განათლების სისტემის მოდრენიზაციასა და ბოლონიის პროცესით გათვალიწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ევროპულ სისტემაში ინტეგრაციას. აღინიშნა, რომ ქართულ მეცნიერებას უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რის გამოყენებაშიც ევროკავშირი საქართველოს აქტიურად დაეხმარება. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდობის საკითხებზე, მათი დასაქმებასა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვაზე. მხარეებმა ისაუბრეს ქართული სპორტის წარმატებებზე და ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე.
მოგვიანებით გიორგი ბარამიძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ინტერვიუ მისცა "Radio Free Europe"-ისა და "EU Observer" -ის კორესპოდენტებს.