კინოდოკუმენტალისტ მერაბ გაგუას გადაღებული დოკუმენტური ფილმები იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
19 აპრილს, 11:00 საათზე რეჟისორი ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს დოკუმენტური ფილმების ორიგინალ ფირებს პირადად გადასცემს.
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დოკუმენტური ფილმების მდიდარ კოლექციას შეემატება მერაბ გაგუას მიერ 1960-1990-იან წლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები - "ქართული კოსტუმი" (1968), "მწყემსი" (1975), "ქართული მონეტები" (1973), "ადამიანი და მთები" (1985); სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "კეთილი იმედის ქვეყანა" (1990), რომელიც მოგვითხრობს ბრაზილიის ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ და რელიგიურ ცხოვრებაზე.
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დოკუმენტური ფილმები დამუშავდება, მიენიჭება საარქივო ნომრები და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება მკვლევართა დარბაზის კართოტეკებში.