საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, ბევრი პოლიტიკური მოღვაწე პირადი მოტივაციის გამო ქვეყნის პროგრესს ეწინააღმდეგება.
"ბევრი ამბობს, ჩვენს ძირძველ სიმინდს იშორებენ და ამერიკული სიმინდი შემოაქვთო, თუმცა ის "ჩვენი" სიმინდი თავის დროზე ამერიკული რომ იყო, ეს აღარ ახსოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რით გამოვიკვებოთ? თუ ჰგონიათ, რომ ინდოელები და ჩინელები ჩამოვლენ და ისინი გამოგვკვებავენ? იმათ თავიანთი გასჭირვებიათ. რა თქმა უნდა, მიწებიც უნდა დავამუშაოთ და შესაწამლი მასალებიც ვიყიდოთ. სხვა ალტერნატივა არ არის. ჩვენ თვითონ უნდა გამოვკვებოთ ჩვენი თავი", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ბორჯომში, სოფელ ტაძრისში განახლებული სკოლის დათვალიერების შემდეგ პედაგოგებთან შეხვედრისას.
მისი შეფასებით, დღეს ბრძოლა მიმდინარეობს პროგრესსა და იმ ხალხს შორის, რომელსაც პროგრესი არ უნდა და პირადი მოტივაციით მას ეწინააღმდეგება.
"ჩვენთვის პროგრესის მიღწევა უბრალო კაპრიზი კი არ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზაა", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.