თბილისის მერიის პროექტი - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ახალ ეტაპზე გადავიდა. პროექტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდა. ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩერებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს.
ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში შეისყიდის.
ქალაქის მერის აზრით, პროექტი ხელს შეუწყობს სამშენებლო სფეროს სტიმულირებას, მშენებლობის განვითარება კი ყველა იმ მომიჯნავე ბიზნესსფეროს განავითარებს, რომელიც მასთან არის დაკავშირებული.
პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის პროექტი_ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს. პროექტი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება.