პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი საჯარო დაწესებულებებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ შესაბამისი ანგარიში დაგვიანებით ან საერთოდ არ წარადგინა.
"საჯარო ინფორმაციის გაცემისა და მასზე უარის თქმის შესახებ ანგარიში საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ყოველი წლის 10 დეკემბერამდე უნდა წარუდგინოს, თუმცა მათმა უმრავლესობამ აღნიშნული ანგარიში დაგვიანებით ან საერთოდ არ წარადგინა. ამას ორი გარემოება განაპირობებს; „კერძოდ, ერთი მხრივ, საჯარო დაწესებულების უმრავლესობას არც წარმოუდგენია, რომ პარლამენტი კანონის აღსრულებაზე მაკონტროლებელი ორგანოა, რომელმაც ამგვარ დაწესებულებათა მიერ კანონმდებლობის შესრულებას უნდა გაუწიოს მონიტორინგი. მეორე მხრივ, მათი ხელმძღვანელებისა და თანამდებობის პირების უმრავლესობა უპასუხისმგებლო ადამიანია და კანონს უხეშად არღვევს", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ანგარიშში პარლამენტისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის გუბერნიებს, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რეინტეგრაცის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატებს, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს, სადაზვერვო და სახელმწიფო დაცვის სამსახურებს, შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს და სხვა საჯარო დაწესებულებებს დღემდე არ წარუდგენიათ. ამავე სიაშია სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაცია, რომელიც ცაგარეიშვილის თქმით, „რას აკეთებს, პრეზიდენტმაც არ იცის".
მისი ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენის ვალდებულება საჯარო სკოლებსაც ეკისრება, მაგრამ საქართველოში მოქმედი 2132 სკოლიდან შესაბამისი დოკუმენტაცია მხოლოდ 542-ს აქვს წარდგენილი.
ცაგარეიშვილის მონაცემებით, წელს ანგარიშები მხოლოდ 717 საჯარო დაწესებულებას აქვს წარდგენილი. თუმცა საქართველოში მათი საერთო რაოდენობა „10-ჯერ მეტი მაინც იქნება".
დეპუტატის მოსაზრებით, მის ნაცვლად ტრიბუნასთან თვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უნდა იდგეს და წუხდეს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი მუდმივად ირღვევა.
"ასეთია დამოკიდებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საჯარო ინფორმაციას ისე გაურბის, როგორც ადამიანი ცხელ ტაფას. მას ეს ინფორმაცია პარტიული და კორპორატიული ხასიათის ჰგონია", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.