დღეს "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა დავით მაღრაძემ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ახალი ნაციონალური პროექტი "ახალი ქართული კონსერვატიზმი" პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინეს.
"დღევანდელი რეჟიმი ცდილობს, ერის სულიერი გენოციდი გამოიწვიოს. ახალი ნაციონალური პროექტის მიხედვით კი, ადამიანი არის მეხსიერება, რომელიც განათლებასა და ამ განათლების რეალიზების შესაბამის ასპარეზს საჭიროებს", - აღნიშნა დავით მაღრაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბისას.
მისი თქმით, დღემდე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უპარტიო საზოგადოებას საფიქრალი პოლიტიკოსებისთვის ჰქონდა მინდობილი და მათგან ელოდა ქვეყნის გადარჩენისა და განვითარების კონცეფციებს, პროექტებს, პროგრამებს. მაღრაძე მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოება ახალ ნაციონალურ პროექტს სთავაზობს პოლიტიკურ სპექტრს და გაზიარების შემთხვევაში მის თარგმანს პოლიტიკის ენაზე ითხოვს.
შეგახსენებთ, ახალი ნაციონალური პროექტი უკვე წარედგინა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს. სწორედ ამ ჯგუფების რეკომენდაციის გათვალისწინებით, უკვე შეჯერებული ვარიანტი დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა განიხილეს.