საფრანგეთის ხელისუფლებამ 24 ოქტომბერს, შაბათს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად სამხედრო მოსამსახურეების ჩართვა გადაწყვიტა. მთავრობის წარმომადგენლებმა გასული უქმეების განმავლობაში ქვეყნის უდიდეს ქალაქებში მომხდარი მასშტაბური არეულობის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში სერიოზული ხარვეზები აღიარეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნიუს განცხადებით, ხელისუფლება უსაფრთხოების ზომების უპრეცედენტო გაძლიერებისთვის ემზადება. ძალადობის განმეორების საფრთხის ფონზე, სამხედრო მოსამსახურეები პოლიციას ვითარების კონტროლში დაეხმარებიან.
„მომავალ შაბათს ძალების განლაგება მასშტაბური იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა ლეკორნიუმ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად სამხედრო მოსამსახურეებსაც ჩართავენ. მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ სამართალდამცავებმა 17 ოქტომბერს არეულობის შეკავება ვერ შეძლეს. იმ დღეს პარიზში, მარსელში, ლიონსა და სხვა ქალაქებში შეტაკებები და ძარცვა დაიწყო.
„ღრმად ვწუხვარ მომხდარის გამო. ვაღიარებ, რომ პასუხისმგებლობის ჩემი წილიც მაქვს“, - განაცხადა მინისტრმა.
სებასტიან ლეკორნიუმ აღიარა, რომ ხელისუფლებამ საფრთხეები სათანადოდ ვერ შეაფასა, პოლიცია ზედმეტად პასიურად მოქმედებდა, ხოლო ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც სამართალდამცველებისთვის დაგეგმილი შვებულებები არ გააუქმა. მთავრობის განცხადებით, რეაგირების ტაქტიკა გადაიხედება.
რამდენიმე ქალაქში უკვე დაწესებულია ადგილობრივი კომენდანტის საათი, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეზღუდვა მხოლოდ არასრულწლოვნებს ეხება. მთავრობის შეფასებით, ამ ზომებმა უქმეების შემდეგ ვითარების ნაწილობრივ სტაბილიზაციას შეუწყო ხელი.
პროტესტი ცხოვრების მაღალი გაძვირებითა და სახელმწიფო სერვისების გაუარესებით გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე დაიწყო. მედია წერს, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემონსტრაციების ახალი ტალღა შესაძლოა, ფრანგული ხელისუფლებისთვის სერიოზულ გამოცდად იქცეს.