საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებისადმი ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლა რეგიონში არსებული დე-ფაქტო მდგომარეობის უგულვებელყოფას არ გულისხმობს.
"ევროკავშირის მიერ ახალი ინსტრუმენტების შექმნაში არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრება ის, რომ ის უგულვებელყოფს დე-ფაქტო მდგომარეობას. ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს რეგიონში არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას და მას ყველა თავის სახელს არქმევს", - განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებისადმი ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლა, სავარაუდოდ, ორგანიზაციის მიერ რეგიონში არსებული კონფლიქტებთან დაკავშირებით ახალი გეგმის შემუშავებას გულისხმობს.
"სავარაუდოდ საუბარია ახალი გეგმის შემუშავებაზე, რომელშიც ახალი რეალობები აისახება. ბრიუსელი ყოველთვის გვრთავს მოლაპარაკებებში და იმედია, რომ ამ პროცესშიც მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენი აზრისა და პოზიციის გაზიარება მოხდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ვროპის კავშირი პოსტ-საბჭოთა სივრცის ინტეგრაციისადმი მიდგომის განახლებას ცდილობს და აღნიშნულის კონტექსტში მეზობლებისა და პარტნიორებისადმი პოლიტიკის საფუძვლიანად გადასინჯვისთვის ემზადება. ამის შესახებ გაფართოვების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის პოლიტიკისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ განახლებული მიდგომა დახმარებისთვის უფრო მკაცრ პირობებს დააწესებს.
"განახლებული პროცესის თანახმად, თქვენ ისევ მოექცევით ერთ სამეზობლო პოლიტიკაში, რომელიც ფარავს ორივე მიმართულებას - აღმოსავლეთსა და სამხრეთს... მაგრამ ამოქმედდება ბევრად უფრო დიფერენცირებული მიდგომა არა მხოლოდ სამხრეთსა და აღმოსავლეთს შორის, არამედ თვითონ სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფარგლებში, მინიმალური ორიენტირებითა და ინდივიდუალური პროგრამებით თითოეული და ყოველი ჩვენი პარტნიორისთვის", - განაცხადა ფულემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ახალი პოლიტიკური კორპუსი, საგარეო სამსახური მჭიდროდ იქნება ჩართული განახლებულ პოლიტიკაში, ხოლო ევროკავშირის რამდენიმე საელჩო სამიზნე ქვეყნებში მოდერნიზაციას გაივლის.