"დემოკრატიული მოძრაობა" და "სახალხო კრება" სააკაშვილის რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ამის შესახებ ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" და "სახალხო კრება" სააკაშვილის რეჟიმისთვის რეალურად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და, შესაბამისად, ხელისუფლება ყველა უკანონო, სამარცხვინო, ამორალურ მეთოდს მთელი სისრულით სწორედ მათ წინააღმდეგ იყენებს, ხოლო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები შეგნებულად ამახინჯებენ, უმეტეს შემთხვევაში კი, აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებენ მათ აქტივობებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ნინო ბურჯანაძის პარტია აშშ-ს ელჩის გამონათქვამს იშველიებს, რომელიც აცხადებს, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე, როგორც ეგვიპტესა და ტუნისში, ყველგან მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის იბრძვიან, ხოლო ძალადობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მხარს არასოდეს დაუჭერს".