დასავლეთი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რევოლუციების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. ოპოზიცია მაჰმუდ აჰმადინეჯადის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის ასაგორებლად ემზადება. ვაშინგტონის კარნეგის ცენტრში შეკრებილი ირანელი პოლიტპატიმრები და ამერიკელი დიპლომატები რევოლუციის შესაძლო სცენარებს განიხილავდნენ.
იქნება თუ არა ირანი შემდეგი, ამ შეკითხვაზე გადამწყვეტი პასუხი ექსპერტებს არ აქვთ, თუმცა არაბულ ქვეყნებში მოულოდნელად დაწყებული რევოლუციების შემდეგ არაფერს გამორიცხავენ.
"როდესაც დემოკრატია არ არის, რეჟიმი საშიში ხდება, საშიში რეჟიმი კი უნდა შეიცვალოს,"- აცხადებენ დასავლელი ექსპერტები. ქუჩის მრავალათასიანი მიტინგების ნაცვლად კი, სავარაუდოდ, ირანის ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის სხვა გზას აირჩევს.
ირანში არაძლადობრივი რევოლუციის მოხდენის თემას ეხმაურება ირანელი პოლიტიკოსი რაჰინ ჯაჰანბეგლუ, რომელმაც თეირანის ციხეში რამდენიმე წელი გაატარა.
"ქრონიკისთვის" მიცემულ კომენტარში იგი აცხადებს, რომ ადამიანის უფლების დარღვევის კუთხით ირანი მსოფლიოში პირველია და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე უფრო უნდა წუხდეს, ვიდრე ბირთულ იარაღზე.
"სამოქალაქო საზოგადოება ირანში ჯერ კიდევ ეგვიპტის რევილუციამდე იყო ძლიერი. პოტენციალი ირანში ძალიან მაღლია, მაგრამ იმან, რაც ტუნისსა და ეგვიპტეში მოხდა, ახალი ენერგიით აავსო ირანის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცდილობს, ნაკლებად მადესტაბილიზირებელი გზები იპოვოს", - აცხადებს რაჰინ ჯაჰანბეგლუ.
ირანში იტალიის ყოფილი ელჩი რობერტო ტოსკანო კი ამბობს, რომ 2009 წლის შემდეგ ირანის მთავრობამ ადამიანებზე მეთვალყურეობა განსაკუთრებით გაამკაცრა.
"ანალიტიკოსების პროგნოზი არ გამოდგება. ხალხს საკუთარი რიტმი და ტრანსფორმაცია აქვს. რაც მთავარია, ხალხი მოულოდნელად ხდება აქტიური. როცა 2003 წელს ირანში ჩავედი, ეს არ იყო დემოკრატიული რეჟიმი, მაგრამ 2009 წლის მერე სიტუაცია გაუარესდა, რადგან რეჟიმს შიში გაუჩნდა და იგი საშიში გახდა", - აცხადებს ტოსკანო.