უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა აზერბაიჯანელ კოლეგას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელებზე თავდასხმების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით.
“ყველა უკრაინელის სახელით, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა აზერბაიჯანელ ხალხთან და მიუსამძიმრა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაქეების ბრუტალურ დაკავებებთან და ძმები საფაროვების მკვლელობასთან დაკავშირებით. ილჰამ ალიევმა უკვე დადასტურებული დეტალები გააზიარა. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ რუსების სიძულვილს, შოვინიზმსა და ცინიზმს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.
სატელეფონო საუბრის დროს, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლა მოხდა და შეთანხმება იქნა მიღწეული სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის ბაქოში რაც შეიძლება მალე ჩატარების შესახებ.
კიდევ ერთხელ გამოითქვა ორმხრივი მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მიერ მისი ქვეყნისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.