აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ლინდსი გრემის სანქციების შესახებ კანონპროეტქის ხელმოწერა რუსეთს კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის და შეამცირებს იმ რესურსებს, რომლებიც მის ომს კვებავს, ასევე მკაფიო სიგნალს გაუგზავნის აგრესორს, რომ „მაღალ ფასს გადაიხდის“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა წერს.
„ეს ნამდვილად ისტორიული დღეა... პრეზიდენტ ტრამპის მიერ ლინდსი ო. გრემის სახელობის, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის ხელმოწერა რუსეთზე და მათზე ზეწოლას გააძლიერებს, ვინც უკრაინის წინააღმდეგ მის ომს ხელს უწყობს. ეს კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის აგრესორს და შეამცირებს იმ რესურსებს, რომლებიც ამ ომს კვებავს“, - წერს სიბიჰა X-ზე.
მისი თქმით, კრემლის გათვლები ამჯერადაც მცდარი აღმოჩნდა. სიბიჰას განცხადებით, რუსეთზე ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება, ხოლო პუტინის იმედები, რომ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერას შეასუსტებს, კრახს განიცდის.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც კონგრესის ორივე პალატაში უპრეცედენტო ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს, მკაფიო სიგნალს აგზავნის: აგრესორი მაღალ ფასს გადაიხდის.
„ჩვენ ღრმად ვაფასებთ შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და პატივს მივაგებთ სენატორ ლინდსი გრემის ერთგულებას მშვიდობისა და სამართლიანობის საქმისადმი“, - აღნიშნა მან.
სიბიჰამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერობა მსოფლიოს მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობის შესახებ.
„ჩვენ ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ (G7) სხვა ქვეყნების პარტნიორებისგან შემდგომ გადამწყვეტ ნაბიჯებს ველით. რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა კარგად კოორდინირებული უნდა იყოს, რათა მოსკოვს ომის შეწყვეტა აიძულოს“, - წერს სიბიჰა.