ახალი ევრობონდების ემისია ძველი ვალის გასასტუმრებლად ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძეს ამ ეტაპზე უალტერნატივო საშუალებად მიაჩნია. ლექვინაძე ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან ახალი ევრობონდების ემისია სწორი გადაწყვეტილებაა.
"ახალი ევრობონდების ემისიის ძირითადი მიზანი უკვე არსებული ვალების გადაფარვაა, რომელიც 500-მილიონიანი ევრობონდებით ავიღეთ და 2013 წლისთვის მისი გასტუმრება 700 მლნ. დოლარის ფარგლებში გვიწევს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს არის საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება. სხვა რესურსი ამ ვალის გასასტუმრებლად არ გაგვაჩნია და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ამ ვალდებულებებს გაისტუმრებს. თუ ვალს უფრო იაფად ავიღებთ, ეს კარგია. ძველი ვალის უარყოფითი მხარე იყო ის, რომ საკმაოდ ძვირი რესურსი იყო. თუკი ახალი ვალის აღება დაბალი საპროცენტო განაკვეთით მოხდება, 10 წელი საკმარისი პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში ისეთი რეფორმები გავატაროთ, რომ 10 წლის შემდეგ ეს ვალი გავისტუმროთ. ბევრი ქვეყანა მიმართავს ასეთ გზას და ვფიქრობ, ამ ეტაპზე უალტერნატივო საშუალებაა", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ახალი ევრობონდების ემისიაზე განაცხადა, რომლის ვადაც 7-იდან 10 წლამდე იქნება.