იაპონიაში, სადაც მიწისძვრამ და ცუნამმა "ფუკუსიმა-1" ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა გამოიწვია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა მასატაკი შიმიძუმ თავი მოიკლა. ამის შესახებ The Business Insider-ი იტყობინება.
66 წლის შიმიძუ საზოგადოებაში ატომურ რეაქტორზე მომხდარი ავარიის შემდეგ არ გამოჩენილა. 13 მარტს შემდგარ მის უკანასკნელ ინტერვიუში ოპერატორ "ფუკუსიმას" პრეზიდენტმა სადგურზე მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. მოგვიანებით მისმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ შიმიძუ სტრესისა და დატვირთული სამუშაოს გამო ავად გახდა.
იაპონური მედიასაშუალებების ინფორმაციით, შიმიძუ არც მმართველი კომპანიის ოფისში გამოჩენილა, არც საკუთარ ბინაში და არც ტოკიოში. ამასთან, ენერგეტიკოსი არ შეერთებია ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების გამო შექმნილ სახელმწიფო კომისიას, ასევე ფუკუსიმას ავარიის შედეგთა ლიკვიდირების კომისიას.
"იაპონიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიმიძუმ თავი მოიკლა ან ქვეყანა დატოვა", _ წერს იაპონური მედია. ამასთან, განმარტავენ, რომ მისმა გაუჩინარებამ იაპონიის ხელისუფლება განარისხა, რადგან მიიჩნევენ, რომ მისი არყოფნა უპატიებელია.
სააგენტო "ბლუმბერგის" მიერ უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით კი, ხელისუფალთა და აქციონერთა ზეწოლით, მასატაკა შიმიძუს თანამდებობიდან მოხსნას უპირებდნენ. ამის მიზეზი ბირთვული კატასტროფა გახდა, რამაც კომპანიის აქციათა ღირებულება 50%-მდე დასცა.
გასულ კვირას "ფუკუსიმა_1"-ის მმართველმა კომპანიამ 25 მილიარდი დოლარის გამოყოფის მოთხოვნით იაპონიის ბანკს მიმართა. სწორედ ეს თანხა ესაჭიროება ატომური ელექტროსადგურის აღდგენასა და ბირთვული დაბინძურების შედეგებთან ბრძოლას.