"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებაზე 150 მილიონი ლარის გამოყოფის დაპირებები იმიტომ მოხდა, რომ ქუჩის აქციები არ დაწყებულიყო.
ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა კიდევ ერთხელ სცადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობისთვის 150 მილიონი ლარი არ გამოიყოფა, არადა, ამ 150 მილიონიდან თითოეული თეთრი ბიუჯეტში ცვლილებებში დეტალურად უნდა ყოფილიყო გაწერილი.
"როდესაც საუბარი იყო 150 მილიონ ლარზე ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ გაზაფხულზე ქუჩაში არ დაიწყოს საპროტესტო გამოსვლები. აღმოჩნდა, რომ 150 მილიონ ლარზე საუბარი კვლავ პიარსვლაა," - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
როგორც ცნობილია, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით შემოსავლების ნაწილი 348.8 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხოლოდ 9 მილიონი დაემატება.