პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთადერთი, რა გზითაც ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იაროს, კომპრომისის გზაა.
"პრეზიდენტი მიესალმება ნებისმიერი სახის დიალოგს, მით უმეტეს, როცა პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობს და რომელიც საქართველოში უკეთესი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. მინდა შეგახსენოთ ეუთოს შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელიც 2010 წლის არჩევნებს შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც, ეს იყო ყველაზე დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულა. ეს არჩევნები ჩატარდა სწორედ იმ საარჩევნო კოდექსით, რომლის ძირითადი დებულებები ეფუძვნებოდა კონსესურს და რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისივე განმარტებით, ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ სწორედ კომპრომისიის გზა არის ერთადერთი გზა, რომლითაც ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იაროს.
"კომპრომისის გზა აუცილებელია დიალოგის პროცესის წარმართვისთვის. დიალოგისთვის კომპრომისი ორმხრივი პროცესი გახლავთ. ეს არის გზა, რომლითაც უნდა იაროს ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ, ჯგუფმა თუ ძალამ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს", - აღნიშნა მანჯგალაძემ.