თეთრი სახლის ყოფილი პრესმდივანი, დღესდღეობით კი ობამას უშტატო მრჩეველი რობერტ გიბსი ფეისბუკზე დაიწყებს მუშაობას. ამასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის ადმინისტრაციასთან მან უკვე გამართა მოლაპარაკებები. ამის შესახებ "ნიუ-იორკ თაიმსი" იტყობინება.
მხარეები მოლაპარაკებების ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ.
"ნიუ-იორკ თაიმსი" ამ ინფორმაციას "დამაინტრიგებლად" მიიჩნევს. ეს ცნობა მით უფრო საინტერესოა, რომ მომავალი 18 თვის განმავლობაში რობერტ გიბსი ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში იქნება ჩართული.
ფეისბუკზე რობერტ გიბსის მოღვაწეობის დადებითი პერსპექტივა ის იქნება, რომ ობამას ყოფილი პრესმდივანი ფასიანი ქაღალდებიდან მილიონობით მოგებას ნახავს.
შეგახსენებთ, 2009 წელს რობერტ გიბსი თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი გახლდათ. ეს ის პერიოდია, როცა ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. უკვე 2011 წლისთვის რობერტ გიბსი ამ თანამდებობაზე ჟურნალისტმა ჯეი კარნიმ შეცვალა, რომელიც უფრო ადრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრესსამსახურში მუშაობდა.
ფეისბუკი ამერიკასა და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. მასში 600 მილიონ მომხმარებელია დარეგისტრირებული. კომპანიის ზუსტი შემოსავალი უცნობია, რადგან ეს მონაცემები საჯარო არაა, თუმცა "ინსაიდ ფეისბუკის" ბლოგის მონაცემებით, 2009 წელს ამ სოციალურმა ქსელმა 700 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.