„თურქეთი მზადა, ლიბიის კონფლიქტის დარეგულირების მხრივ საკუთარ თავზე შუამავლის მისია აიღოს",_ ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ ერდოგანმა განაცხადა.
"თუკი კადაფის მომხრეები და ოპოზიციონრები ისურვებენ, თურქეთი მზადაა, ლიბიაში ცეცხლის სწრაფად შეწყვეტის შუამავლობა იკისროს",_აღნიშნა ერდოგანმა.
ამასთან, ერდოგანმა ლიბიის "მეორე ავღანეთად და ერაყად" გადაქცევის ეჭვი გამოთქვა.
"10 წლის წინ დასავლეთის ძალები ავღანეთში რომ შედიოდნენ, ისინი აცხადებდნენ, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ამასვე ამბობდნენ ერაყის შესახებაც, თუმცა იმ დროს უამრავი ადამიანი დაიღუპა. არ გვსურს იგივე სურათი ლიბიაშიც ვიხილოთ",_აღნიშნა თურქეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, ლიბიის საქმეებში კოალიციური ძალის ჩარევის წინააღმდეგ თურქეთი თავიდანვე გამოდიოდა. მოგვიანებით კი თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ ოპერაციის ხელმძღვანელობა ნატოს უნდა გადასცემოდა და კოალიციისთვის ხუთი საბრძოლო გემი და წყალქვეშა ნავიც გამოყო.
ამასთან, ანკარაში აცხადებენ, რომ ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ იარაღს არ მიმართავენ და ჰუმანიტარულ მისიას შეასრულებენ.
შეგახსენებთ, თებერვლის შუა რიცხვებში ლიბიაში მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რაც მოგვიანებით ხელისუფლებასა და მეამბოხეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.