რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფატქო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მნიშვნელობა არ აქვს. ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატების წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ აფხაზურ-რუსული ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებისადმი მიძღვნილი სხდომის შეფასებისას განმარტა.
"დღეს რუსეთს 300 კილომეტრი აქვს მითვისებული, მთელი აფხაზეთი ოკუპირებული და აფხაზი სეპარატისტები რას გადასცემენ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს", - დასძინა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია, ამას აღიარებს ყველა, მათ შორის გაერო და საქართველოს ტერიტორიული საზღვრები 1991 წლის 25 დეკემბერს მიღებული დადგენილებით არის დამტკიცებული.
"ამის გათვალისწინებით კი აფხაზები რუსებს რას გადასცემენ, სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ აქვს", - აღნიშნავს ვიცე-სპიკერი.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში სს სამინისტროში ე.წ. რუსულ აფხაზური ორმხრივი კომისია იქმნება, რომელიც "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის სამუშაო საკითხებს განიხილავს".
აღნიშნულთან დაკავშირებით, სეპარატისულ აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური პარტია "სახალხო ერთიანობის ფორუმი" საგანგებო განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სხდომაზე შესაძლოა მოსკოვმა აფხაზეთის ტერიტორიის 160 კილომეტრის დათმობა მოითხოვოს.