აღსრულების ეროვნული ბიურო აქცია „მწვანე ყუთის" ფარგლებში ხვალ, 29 მარტს 10:30 სთ-ზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს 1,5 ტონა მაკულატურას გადასცემს. მაკულატურის გადაცემის პროცესს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე - ერეკლე ღვინიანიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოდგილე - ანა საბახტარიშვილი დაესწრებიან.
„მწვანე ყუთი" სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქციაა და მასში აღსრულების ეროვნული ბიურო მონაწილეობას მეორედ იღებს. პროექტის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დაახლოებით ერთი თვის წინ ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოს შპს. „ლ.მ.ს."-ს შემდგომი გადამუშავების მიზნით, 1500 კგ მაკულატურა გადასცეს.
პროექტ „მწვანე ყუთის" მიზანია მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის დამკვიდრება, ქაღალდის პარკების გამოყენების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში მოხალისეობრივი სერვისის განვითარება, ასევე ქაღალდის დამზადებისათვის საჭირო ბუნებრივი რესურსების განადგურების თავიდან აცილება.
აღსრულების ეროვნული ბიურო პროექტის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.