პარლამენტში მთავრობის შემაჯამებელი სამთავრობო დებატები 30 მარტს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროზე მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სამთავრობო დებატების გადადების თხოვნით მიმართა.
როგორც ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, სამთავრობო დებატების დროს მინისტრების მხრიდან კონკრეტული ფაქტების დასახელება მოხდა, რომელთა გადამოწმებასაც ოპოზიცია ცდილობს.
"ძალიან მნიშვნელოვანი დებატები იყო, რადგან წარმოდგენილი იყო კონკრეტული ხედვები მთავრობის, უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდან და მოსახლეობამ კარგად დაინახა განსხვავება მიდგომებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მინისტრების მხრიდან გაჟღერებული იყო ფაქტები, რომელთა გადამოწმება დავიწყეთ და დროში ვართ შემჭიდროვებული და ამიტომ გთხოვთ დებატების ერთ-ორი დღით გადატანს", - მიმართა ვეფხვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.
ვეფხვაძის თხოვნას ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიაც გამოეხმაურა და დებატების გადადებას მხარი დაუჭირა.
დავითაიამ გადადების მიზეზად ფაქტების გადამოწმებისთვის აუცილებელი დრო დაასახელა და აღნიშნა, რომ შემაჯამებელ სამთავრობო დებატებზე კონკრეტულ დაღვევებზე კონკრეტული დოკუმენტების წარმოდგენას გეგმავს.
ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვის შემდეგ დავით ბაქრაძემ სატელეფონო კონსულტაცია პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გაიარა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ დებატები ოთხშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება.
ბაქრაძის თქმით, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ყველა მინისტრი შეთანხმებული იყო და 30 მარტს შეძლებისდაგვარად ყველა მინისტრი ეცდება სამთავრობო დებატებზე მოვიდეს.