პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სამთავრობო დებატები შეაჯამა. მისი შეფასებით, გასულ კვირას პარლამენტში სამთავრობო დებატებმა წარმატებით ჩაიარა და არ დარჩენილა არც ერთი კითხვა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებდა.
"ასეთი რამ პარლამენტში, აქამდე არასდროს ყოფილა, რომ მთელი კვირის განმავლობაში დებატები, მინისტრების მოსმენა ასეთი ინტენსიობით გამართულიყო. ჩვენ ვიხილეთ ძალიან მწვავე, გულახდილი დისკუსია, ვფიქრობ არ დარჩენილა არც ერთი კითხვა, რომელიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, რომ ამ დებატების დროს რომ არ ყოფილიყო დასმული", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, საპარლამენტო დებატების მიზანიც სწორედ მინისტრებთან ღია დისკუსია იყო, რომ ყველა საკითხზე მსჯელობა გამართულიყო.
"გასაგებია, რომ პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ზოგიერთი შეიძლება თვლიდეს, რომ კითხვებზე პასუხი იყო დამაკმაყოფილებელი ან არადამაკმაყოფილებელი", - დასძინა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პარლამენტში სამთავრობო დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატებმა რვა მინისტრს მოუსმინეს. სამთავრობო დებატების შემაჯამებელი სხდომა კი 30 მარტს შედგება, სადაც მთელი მინისტრთა კაბინეტი დაესწრება.