მაგდა ანიკაშვილის შეფასებით, საპარლამენტო დებატებზე ყველაზე მომზადებული მინისტრი ანდრია ურუშაძე იყო, ყველაზე სუსტი კი - ბაკურ კვეზერელი. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს "კავკასუს ინტერნეტ მედია ჯგუფში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კვეზერელის და სუბელიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა მათ უწყებებში არსებულმა უმძიმესმა მდგომარეობამ განაპირობა.
"ჩვენ არ გვქონდა ილუზია, რომ უმრავლესობა რომელიმე მინისტრს შეელეოდა, თუმცა გარკვეული შედეგი მაინც მივიღეთ. საზოგადოების წინაშე ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ აიღო პასუხისმგებლობა იმ მინისტრებზე, რომელთაც თავიანთი სფეროები სრულ კრახამდე მიიყვანეს. ყველამ დაინახა, რომ ხშირ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები თავს არიდებდნენ ჩვენს კითხვებს, თუმცა კითხვაზე თავის არიდება მათი უსუსურობის საილუსტრაციოდ საუკეთესო პასუხია " - განაცხადა ანიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატებს" მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ვერც ერთი მინისტრი ვერ მართავს ღირსეულად კონკრეტულ სამინისტროს, თუმცა გიორგი თარგამაძისა და მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ასეთ პირობებშიც კი თანამშრომლობის ყველა რესურსის გამოყენება, რათა მინიმალურად მაინც მოხერხდეს სხვადასხვა ინიციატივის გატანა და რეალიზება.