განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მტკიცებით, საქართველოში სახელმძღვანელოები 10 ლარზე მეტი აღარ ეღირება.
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი სახელმძღვანელო არ ღირდეს 10 ლარზე მეტი და ამისთვის კანონი უკვე მიღებულია. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განმარტა შაშკინმა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, მთავრობა იძულებული გახდა ამ პროცესში ჩარეულიყო, რადგან გამომცემლებმა ბავშვების განათლებას 300 %-იანი მოგების მიღება არჩიეს.
"ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომლისთვისაც მემარჯვენე ოდეოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იდეოლოგიურად ეს იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა, ვიდრე პირადად ჩემი იდეოლოგია _ სახელმწფო ხდება თანამფლობელი, თანამესაკუთრე სახელმძღვანელოების და თუკი ერთი გამომცემელი გადაწყვეტს, რომ მას უნდა 300 %-იანი მოგების ნახვა ბავშვების და მშობლების ხარჯზე, სახელმწიფო გამოიყენებს თავის უფლება და ბაზარზე ამ სახელმძღვანელოებს გაუშვებს. დამერწმუნეთ, ბევრი იქნება ისეთი სტამბა, რომელიც 20-30 %-იან მოგებაზე დათანხმდება", - აღნიშნა შაშკინმა.