შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის განცხადებით, თანამდებობის პირების ჩარევის შემთხვევაშიც კი იგი რეფერალურ პროგრამაში ჩართვაში ვერავის დაეხმარება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"რეფერალური პროგრამა არ გაჩერებულა, უბრალოდ, დაზუსტდა კრიტერიუმები, რომ ობიექტური გადაწყვეტილება მიგვეღო. არ გაუქმებულა კომისია, რომელიც ამ საკითხებს იხილავს. თუმცა თვისობრივად შეიცვალა ფორმა, კერძოდ კი ჯანდაცვის მინისტრი აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ დააფინანსოს ან ვინ არა", - განამარტა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, რეფერალური პროგრამებით დაკმაყოფილდება სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, გადაუდებელი სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობა, ასევე ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთა დაავადების დიაგნოსტიკას ჯერ კიდევ არ ადგენენ საქართველოში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა.
"მიუხედავად ჩემი პატივისცემისა მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ხშირად შუამავლებს წარმოადგენენ, მე ვეღარ მივიღებ გადაწვეტილებას მათ მიერ დასახელებული პირის დაფინანსების შესახებ", - დასძინა ურუშაძემ.
მისი თქმით, რეფერალური პროგრამებით სიღარიბის სტატუსის მქონე მოსახლეობას სარგებლობა მანამდე შეუძლია, სანამ მათ სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფენ.