ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ცხინვალში ჩავა. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავესის დაპატიჟება მან ვენესუელის ელჩს უგო ხოსე გარსია ერნანდესს სთხოვა, რომელიც ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მოუთბენლად ელის უგო ჩავესის ვიზიტს, იმისათვის, რათა მას პირადად უთხრას სამადლობელი სიტყვები იმ მამაცური ნაბიჯისთვის, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის შემდეგ, ერთ-ერთმა პირველმა გადადგა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა", _ განაცხადა კოკოითიმ.
ვენესუელის ელჩმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აუცილებლად გადასცემს კოკოითის დაპატიჟებას უგო ჩავესს.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი მიმდინარე წელს გეგმავს სეპარატისტული აფხაზეთის მონახულებას. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გააკეთა.
"უგო ჩავესისგან მივიღეთ დაპირება და ველით მის ვიზიტს. მართალია, კონკრეტული ვადების დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ უგო ჩავესის ვიზიტი აფხაზეთში მიმდინარე წელს შედგება", _ განაცხადა შამბამ.