საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღის აღსანიშნავად გადახდილ პარაკლისს დაესწრო. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ გადაიხადა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ქართველი ერის ისტორიაში. ავტოკეფალია, თავისუფლება - ერთდროულად არის საჩუქარიც და დიდი პასუხისმგებგებლობაც უფლის წინაშე. ამ ტვირთს ღირსეულად ატარებს ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი. უწმინდესს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის დღეს" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობისას მოიპოვა.
1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ეკლესიის ავვტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა.