საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორის, ალექსანდრე რონდელის შეფასებით, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების დარეგულირება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის შედეგადაა შესაძლებელი.
"ჩრდილოეთ კავკასია ფეთქებადი რეგიონია. თუ რუსეთი იქ არსებულ სისტემას არ შეცვლის (გააგრძელებს კლასიკურ კოლონიალურ მართვას, რადიკალიზმს, ძალადობას) სიტუაცია არა თუ გაუმჯობესდება, პირიქით - გაუარესდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია შეაკავოს რუსეთი, საერთაშორისო თანამეგობრობა და კონკრეტულად ევროკავშირია, რადგან რუსებს ალერგია აქვთ ყველაფერ ამერიკულზე", - განაცხადა რონდელმა დღეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე მოხსენებით გამოსვლისას, რომლის თემასაც სწორედ ჩრდილოკავკასიაში არსებული ვითარება წარმოადგენდა.
მისივე შეფასებით, თუ რუსეთი რეგიონში კოლონიალური ტიპის მმართველობას გააგრძელებს, დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ მან ჩრდილოეთ კავკასია საერთოდ დაკარგოს.
რაც შეეხება ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას შორის არსებულ ურთიერთობას, რონდელის აზრით, მათ შორის გაუცხოება არსებობს.
"თუ შევხედავთ სამოგზაურო რუკას, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი ძალიან განსხვავდება ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებისგან. ჩვენ ვცდილობთ ამ რეგიონთან დისტანცირებას არა იმიტომ, რომ არ გვიყვარს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო იქ ვითარება ძალიან საშიშია. იქ არის მუდმივი ძალადობა, დაპირისპირება. რეგიონის ქვეყნების დემოკრატიულ ტრანსფორმაციას რუსეთი უშლის ხელს", - აღნიშნა რონდელმა.
უშუალოდ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე საუბრისას კი, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი გარკვეულწლილად ამ რეგიონთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული.
"საქართველოს მიმართ ჩრდილოეთ კავკასიის მტრული პროპაგანდა რუსეთის მიერაა ნაწარმოები და მისი მიზანია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ამ რეგიონს შორის გაუცხოების საფრთხე გაჩნდეს. ჩრდილოეთ კავკასია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ მასთან მეგობრული ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ. სწორედ ამას ემსახურება რეგიონთნ სავიზო რეჟიმის გაუქმება, რასაც მოსკოვის უკმაყოფილება მოჰყვა", - აღნიშნა რონდელმა.