თბილისის საქალაქო სასამართლო ისრაელის ბიზნესმენების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის საქმესთან დაკავშირებით მუშაობას ასრულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, სასამართლო საბოლოო განაჩენს, სავარაუდოდ, 28 მარტის სხდომაზე გამოიტანს.
"დღევანდელ პროცესზე ჩვენ დაცვით სიტყვას წარვადგენთ. შემდეგ სასამართლო ბრალდებულთა საბოლოო სიტყვას მოისმენს და სწორედ ამის შემდეგ გამოიტანს განაჩენს. თუ ამ ყველაფერს დღევანდელ პროცესზე მოვასწრებთ, შესაძლოა განაჩენი დღესაც გამოცხადდეს, თუმცა ეს ნაკლებსავარაუდოა. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ მომავალ კვირას გამოაცხადებს", - განმარტა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი გამართლებას იმსახურებენ, თუმცა ის სასამართლოს მხრიდან მათ გამართლებას არ ელის.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.