ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბალიანს ელიტარულ კორუფციაში ადანაშაულებს.
როგორც ლორთქიფანიძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს განაცხადა, მას გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა იმ განცხადების გაკეთებისას, რაც სუბელიანის მიმართ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მხარდაჭერა სჭირდება, როგორც ნეიტრალური არბიტრის.
მისი თქმით, გამოვლენილია კორფუცია, რომელიც ელიტარულია და უკავშირდება სუბელიანის მოღვაწეობას.
"თქვენს უწყებაში არის სერიოზული ფაქტები კორუფციისა. 4 მილიარდი დახმარება მიიღო საქართველომ და არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ გზები შენდება და დევნილებისთვის სახლები ააშენეს, თუმცა არსებობს ქართული სენი, რომ სადაც არის დიდი ფული, იქ არის საფრთხე კორუფციის ცდუნებისა. სუბელიანმა ორჯერ სცადა გამომძვრალიყო სიტუაციიდან დღეს გამართული დებატებისას", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება კორუფციას, დეპუტატის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გეგა მგალობლიშვილის განკარგულებით, გამოიყო 10 მილიონი აშშ დოლარი და ქურთისა და ერედვის თემებს მიეცათ მითითება, წარმოედგინათ დევნილების სიები კომპენსაციების გასაცემად.
"ამის შემდეგ გაიხსნა ანგარიში "ლიბერთი" ბანკში, სადაც თითოეულ დევნილზე გადაირიცხა 16 620 ლარი, თუმცა 4 თვეს ეს თანხა განკარგვის გარეშე იდო ბანკში. 4 თვის შემდეგ, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის თამარ მარტიაშვილის განკარგულებით, აღნიშნული თანხა ანგარიშიდან მოიხსნა. 2010 წელს განმეორდა მსგავსი ფაქტი, როდესაც 3 თვით დაირიცხა ბანკში თანხები და შემდეგ უკან გაიწვიეს", - დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.