საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას კლოუნადის მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტში სამთავრობო დებატებზე განაცხადა.
"ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების აღშფოთება გაუგებარია. არ მესმის - ეს აღშფოთება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები, ყველაზე უფრო გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც 17 წლის განმავლობაში გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობდნენ და უბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებას, თუ იმით, რომ მათი რესოციალიზაცია დაიწყო", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი შეფასებით, დევნილების საკითხი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხია, რომელიც უკავშირდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დეოკუპაციას.
"ყველა გამონათქვამი ამ საკითხზე უნდა იყოს ორმაგად კორექტული, მაგრამ რა დავინახეთ - ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის პრობლემები პოლიტიკური ქულებისთვის გამოყენეს და დებატები კლოუნადად აქციეს", - დასძინა უმრავლესობის წევრმა.