ხვალ, 25 მარტს, პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სუბელიანის გადაყენების მოთხოვნა წერილობით შევიდა.
თუმცა საკითხის ხვალისთვის გადადების ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა, რადგან სხდომაზე კვორუმი არ იყო.
სუბელიანს უნდობლობას მთელი საპარლამენტო ოპოზიცია უცხადებს. როგორც ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, თუ საპარლამენტო უმრავლესობა დევნილთა მინისტრს გადაარჩენს, საკუთარ თავზე აიღებს სუბელინის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის 212-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი თავდაპირველად მინისტრის გადადგომის საკითხის დაყენების მიზანშეწონილობას უყრის კენჭს.