პარლამენტში პროექტ "ოკუპაციის" ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის "თანამედროვე რუსული ოკუპაციის" ჩვენება მოეწყო. ფილმი, რომელიც რუსეთის მიერ ფინეთის ოკუპაციის მცდელობის თემას ეხება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე უჩვენეს.
კომიტეტის ხელმძღვანელის შოთა მალაშხიას განცხადებით, რუსეთის მიერ ქვეყნების ოკუპაციის სქემა საქართველოს ოკუპაციის სქემის ანალოგიურია.
მისი თქმით, ფილმები განკუთვნილია ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა მათი ჩვენება იმ ქვეყნებშიც მოეწყობა, სადაც მათი გადაღებები მიმდინარეობდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას თქმით, კი ყველა დოკუმენტურ ფილმში რუსეთის აგრესორული სტილი დაცულია და ყველგან ერთი ხელწერა იგრძნობა.
პროექტი "ოკუპაცია" პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ინიციატივით მომზადდა და პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა. მის განხორციელებაში ჩართული იყო ასევე, საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროები.